როგორ გავხდეთ წარმატებული გრაფიკული დიზაინერი

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
როგორ გავხდეთ წარმატებული გრაფიკული დიზაინერი

ტრენინგ ცენტრი „ინდიგო“ 2015 წელს დაფუძნდა და იქიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობს ილუსტრატორების, გრაფიკული დიზაინერების თუ motion გრაფიკოსების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. აქ ისწავლება 2D გრაფიკის პროგრამები: Adobe Illustrator, Adobe Photoshop, სამონტაჟო პროგრამები: Adobe Premiere Pro, Adobe After Effects, 3D გრაფიკის პროგრამები: Autodesk 3Ds Max, Maxon Cinema 4D. გვაქვს ასევე UI/UX დიზაინის კურსი.

კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა:Wendy’s Georgia, Dunkin Donuts, არქი, Onoff.ge, სულაკაურის გამომცემლობა, AdvertWise, franko, რუსთავი 2, თელიანი ველი, ABK და სხვა.

1.რამდენი ხანია რაც Digital არტისტი ხარ და რატომ აირჩიე ეს პროფესია?

ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. ვხატავდი ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო და შესაძლებლობა მქონდა. Digital Art-ზე 2015 წლიდან გადავედი, მას შემდეგ, რაც Photoshop-ს პროფესიულ დონეზე გავეცანი. ამ პროგრამამ ჩემი იდეების უკეთესად განხორციელების საშუალება მომცა. თუმცა, „ციფრულ მხატვარს“ პროფესიას მაინც ვერ დავარქმევდი, რადგან თვითნასწავლი მხატვარი ვარ და დღემდე ვსწავლობ და ვმუშაობ მხატვრული ტექნიკის დახვეწაზე. ეს უფრო ჰობია, ვიდრე-პროფესია.

ბოლო რამდენიმე თვეა, გადავწყვიტე ქართული მითოლოგია გამეცოცხლებინა და ამით მცირედი წვლილი შემეტანა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. სამწუხაროდ, ამ თემით სიღრმისეულად ძალიან ცოტა მხატვარი ინტერესდება, თითქმის არ გვაქვს მითიური პერსონაჟების გამოსახულებები, სცენები ხალხური ზღაპრებიდან თუ თქმულებებიდან. არადა, სამუშაო მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია.

2.რას ურჩევდი მათ, ვისაც სურთ ციფრული არტი შეისწავლონ?

დამწყებ არტისტებს და ზოგადად 2D დიზაინის სფეროში მოღვაწეობის მსურველებს ვურჩევდი, თავდაპირველად კარგად ჩამოაყალიბონ, რისი გაკეთება სურთ სამომავლოდ, რა მიმართულებით აქვთ მიდრეკილება, რისი შექმნა ანიჭებთ სიამოვნებას. ეს წინაპირობა მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი პროდუქტი უფრო მეტი წარმატების მომტანია. 2D გრაფიკის მიმართულებით ვისაც სურს წასვლა, ვურჩევდი, თავდაპირველად Photoshop-ის შესწავლით დაიწყონ. იგი აერთიანებს როგორც რასტრულ, ისე-ვექტორულ გრაფიკას. მისი დახმარებით შეუძლიათ, შექმნან ფოტო მანიპულაციები, დახატონ ციფრული ფუნჯების გამოყენებით, იმუშაონ ვექტორულ ილუსტრაციებზე, შექმნან სარეკლამო დიზაინი, პატარა ანიმაციები. ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ დამატებით შეუძლიათ, შეისწავლონ ვექტორულ გრაფიკაზე სამუშაო რომელიმე პროგრამა, მაგალითად Illustrator-ი ან რომელიმე სამონტაჟო პროგრამა, მაგალითად After Effects, იქიდან გამომდინარე თუ რომელი მიმართულება უფრო ახლოს დგას მათ ინტერესებთან. თუმცა, მხოლოდ პროგრამების შესწავლა პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის საკმარისი არ არის, საჭიროა გამუდმებით საკუთარ თავზე მუშაობა.

3.როგორ უნდა დაიწყონ მუშაობა დამწყებმა გრაფიკოსებმა ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში?

პირველ რიგში საჭიროა, შექმნან პორტფოლიო რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე, მაგალითად behance.net, artstation.com და სხვა. პორტფოლიო მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების კუთხით, რადგან დამსაქმებელი კომპანია, პირველ რიგში, აკვირდება გრაფიკოსის ნამუშევრებს, რადგან ნამუშევრები ყველაზე უკეთ ასახავს მისი პროფესიონალიზმის დონეს. ჩემი სტუდენტები ხშირად მეკითხებიან, რა ნამუშევრები ჩადონ პორტფოლიოში. მათ ყოველთვის ვურჩევ, იმუშაონ იმ თემაზე, რაც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. სამუშაო გამოცდილების დასაგროვებლად კი საწყის ეტაპზე სტაჟირების გავლაა კარგი რომელიმე სარეკლამო კომპანიაში, ან გამომცემლობაში. აქაც, რა თქმა უნდა, საკუთარი სამომავლო ინტერესები უნდა გაითვალისწინონ დამწყებებმა. ასევე მნიშვნელოვანია, საკუთარი ნამუშევრები სოციალურ ქსელებშიც გააცნონ საზოგადოებას. ძალიან ბევრ დამწყებ გრაფიკოსს აქვს ნამუშევრის გამოქვეყნების კომპლექსი, რადგან საზოგადოების კრიტიკის ეშინია. ყველას ვურჩევ, რომ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეც უნდა იყვნენ, არ მოერიდონ გამოქვეყნებას, არ შეეშინდეთ, მაგალითად ნახატში დაშვებული შეცდომების, რადგან საწყის ეტაპზე აღმოჩენილი და გამოსწორებული შეცდომა და საკუთარ თავზე გამუდმებული მუშაობა აყალიბებს მათ პროფესიონალებად, შესაბამისად დამსაქმებლის თუ დამკვეთის მხრიდან მათით დაინტერესების შანსები იზრდება.

 

 

  • Share/indigo:

კომენტარი