Gorgasali Battle Royale-ქართული ინოვაციური სამაგიდო თამაში

  1. Home
  2. ბლოგი
  3. სტატია
Gorgasali Battle Royale-ქართული ინოვაციური სამაგიდო თამაში

,,BG Era Games-ის ძირითადი საქმიანობა მოიცავს სამაგიდო თამაშების შექმნასა და რეალიზაციას, როგორც საქართველოს, ასევე-საერთაშორისო ბაზრისთვის. კომპანიის პარტნიორები არიან ლიდერბეთი და თიბისი სტარტაპი, ამასთანავე თანამშრომლობენ ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათი პროდუქციის რეალიზაციას აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში. პროდუქციის მომხმარებლები სამაგიდო თამაშების დამწყები თუ მოყვარული ყველა თაობის ადამიანები არიან.

კომპანიის ციფრული მარკეტერი-ალექსანდრე ჩომახიძე:

,,კომპანია ,,ბიჯი ერა გეიმსი” განსხვავებული პროფესიის მქონე ექვსმა მეგობარმა შევქმენით. ჩვენი ჰობი ყოველთვის სხვადასხვა თამაშების თამაში იყო, დაწყებული სპორტული აქტივობებიდან, დამთავრებული კარტითა და სამაგიდო თამაშებით. ბოლო პერიოდში მოგვეჩვენა, რომ ამოვწურეთ ყველა სახეობის თამაში და აქედან გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა თამაში, რომელსაც ვითამაშებდით და შევიყვანდით ისეთ ელემენტებს, რომლებიც სხვა თამაშების დროს გვაკლდა. შესაბამისად, დავიწყეთ სამაგიდო თამაშის კეთება, რისთვისაც ყველას იმდენად დიდი ბაზა გვქონდა, რომ შექმნის პროცესში შეფერხებები არ გვქონია და მალევე ავაწყვეთ პირველადი ვერსია excel-ში.

პირველივე სატესტო თამაშებმა იმდენად მოგვხიბლა, რომ გაგვიჩნდა სურვილი ეს თამაში სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა, ხოლო ჰობი ბიზნესად გვექცია.

დასაწყისში იყო სირთულეები. რაც უფრო დეტალებში გვიწევდა შესვლა, ვხვდებოდით, თუ რა რთულ საქმეს მოვკიდეთ ხელი, თუმცა მოტივაცია დიდი იყო. ორწლიანი რთული, მაგრამ სახალისო შრომის შემდეგ შევქმენით თამაში, რომელსაც დღეს ,,Gorgasali Battle Royale-ის სახელით იცნობენ. მისი შეძენა www.amazon.com-ის მეშვეობით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი.

,,Gorgasali Battle Royale” წარმოადგენს ე.წ. ,,Battle Royale-ის ჟანრის თამაშს, რაც გულისხმობს პრინციპს, სადაც მონაწილეები იბრძვიან ერთმანეთში, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული. პროდუქტის დიზაინი და ყველა შემადგენელი კომპონენტი აკმაყოფილებს მსოფლიოს ყველა სტანდარტს და  გათვლილია საერთაშორისო ბაზრისთვის. თამაშის ისტორია ეფუძნება გამოგონილ სამყაროს და პერსონაჟებს, რომელიც დატვირთულია ქართული ელემენტებით. ,,Gorgasali Battle Royale” არის პირველი ქართული მასიური სამაგიდო თამაში, რომელიც ვიზუალურად, იდეურად და თამაშის მექანიკიდან გამომდინარე, არის უნიკალური საერთაშორისო ბაზარზე. ,,Battle Royale-ის” ჟანრი სამაგიდო თამაშების ინდუსტრიაში არის ახალი სიტყვა, შესაბამისად მომხმარებლებს წინ ელით სიახლე, სიურპრიზები და ემოციები, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამოუცდიათ.

ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ახალი თამაშის შექმნაზე, რომლის მექანიკაც მზად არის და მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, ასევე დასრულებულია არსებული პროდუქტის ,,Gorgasali Battle Royale-ის გაუმჯობესებული ვერსია დამატებითი ელემენტებით, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ ბაზარზე. ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოელ გამომცემლებთან ევროპის მიმართულებით და პარალელურად ვმუშაობთ თამაშის კომპიუტერულ ვერსიაზე.“